ვასო გულეური-საბავშვო ავტორი და ჩვენი თანამოქალაქე


ვასო გულეური, მთარგმნელი,ჟურნალისტი, ფოტოგრაფი,  მაგრამ ყველაზე უფრო საბავშვო ავტორია. დამეთანხმებით ალბათ, ბავშვებისთვის წერა „ორმაგად მწერლობას“ ნიშნავს, რადგან ჩვენ დიდები, ვტყუვდებით, როცა ლამაზად გვატყუებენ, ხშირად სიყალბეზე მხოლოდ თვალს კი არ ვხუჭავთ აპლოდისმენტებსაც არ ვიშურებთ.. ბავშვი არ ტყუვდება, სიყალბეს მყისიერად გრძნობს და არ ღებულობს, ვასოს ლექსებს სიამოვნებით კითხულობენ ბავშვები უხარიათ, რომ ლექსების პერსონაჟები მათი საყვალელი გმირები არიან და მათთვის გასაგებ და მისაღებ ენაზე საუბრობენ.


vasoguleuriვასილ გულეური
დაიბადა 1971 წლის 19 აგვისტოს, ქალაქ გორში. დაბადების ადგილი: ქ. გორი.,დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1995 წელს.
სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში “ახალი ეპოქა”, “გორი”, “ახალი ქართული გაზეთი”, “24 საათი”, “ხალხის გაზეთი”, “ომეგა”. ის გატაცებულია ფოტოგრაფიით, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფოტოკონკურსებსა და გამოფენებში (საქართველო, ბულგარეთი, რუსეთი, ესპანეთი). არის მედია ორგანიზაცია “გოუ ჯგუფის” “კავკასიის ავტორთა სკოლის” პირველი სასწავლო კურსის მონაწილე (2011). თარგმნილი აქვს ნიკოლაი გუმილიოვის, ანა ახმატოვას, სერგეი ესენინის, მარინა ცვეტაევას, ივან ბუნინის, იოსიფ ბროდსკის, ქრისტინე ლავანტის, იოზეფ ვაინჰებერის ლექსები, რომლებიც დაბეჭდილია სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში, შესულია ავსტრიული პოეზიის ოცტომეულში. საბავშვო ლექსები დაბეჭდილია ჟურნალებში – “დილა”, “აი ია”, “ბაბილინა”.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 – გაზეთ “ლიტერატურული მესხეთის” მიერ გამოცხადებული თარგმანის კონკურსი, პირველი პრემია
  • 2011 – გაზეთ “ლიტერატურული მესხეთის” მიერ გამოცხადებული თარგმანის კონკურსი, მეორე პრემია
  • 2007 – ლიტერატურული კონკურსი “წერო”, მეორე პრემია
    საბავშვო ლექსების ციკლი “საბავშვო ბაღი”

მამა ჭია და შვილი ჭია

მამა ჭიას შვილი ჭია
ისე, როგორც ყველა ბავშვი,
არ ასვენებს შეკითხვებით,
რაც მოუვა ციცქნა თავში:

– მამი, მამი, სხვა ჭიები
სად ცხოვრობენ, მითხარ, სადა?
– შვილო, ზოგი ვაშლში ცხოვრობს,
ზოგიც მსხალში დაიბადა.

ზოგი ცოცავს მიწაზე და
ზოგიც ხიდან იჭყიტება.
ბევრი, სადაც იბადება,
ისევ იქვე იჭყლიტება.

– ჩვენ რად ვცხოვრობთ, მამი, ნეხვში?
არ ისვენებს შვილი ჭია.
– იმიტომ, რომ სხვა სამშობლო,
შვილო, ჩვენ არ გაგვაჩნია!

 

 

10514492_807890835898916_5874533325045574352_nპინგვინეთი

არ იციან, როგორ მოხვდნენ,
რა გზებით ან ვისი ნებით –
ცხელ, ქვიშიან უდაბნოში
დაბინავდნენ პინგვინები.

მიიხედეს, მოიხედეს –
არსად თოვლი, არსად ყინვა.
თევზიც არსად იშოვება,
არც სადმეა გასაყიდად.

ირგვლივ – ქვიშის ბარხანები,
არსად მოჩანს აისბერგი.
რაღაც უნდა მოიფიქრონ,
ეს უდაბნო რადგან ერგოთ.

მხოლოდ ერთი ოაზისი,
რამდენიმე მწვანე პალმა.
ვერაფერი სანუგეშო
ვერსად ნახა მათმა თვალმა.

გადაწყვიტეს – განა თავად,
გარემო რომ გამოცვალონ.
ქვიშა თოვლით ჩაანაცვლონ –
დაისახეს ამოცანად.

ჯობს, რომ ფრთები გავანძრიოთ
და სადარდელს თავს ნუ მივცემთ.
თოვლს ვიშოვით – ბოლო-ბოლო,
ინტერნეტით გამოვიწერთ.

წყალში თევზი მოვაშენოთ,
სანაქებო, კარგი ჯიში…
ყინული ვის გაუდნია
უდაბნოს და სიცხის შიშით.

ამ პალმაზე ერთი დიდი
თერმომემტრი ჩამოვკიდოთ.
ყინვაც გვინდა – ეს უდაბნო
უნდა გავაანტარქტიდოთ!

 

10304344_799075550113778_4578105958892038581_nლუკას რუკა

მოუტანა მამამ ლუკას
საქართველოს დიდი რუკა.

უთხრა: რამდენიმე ფერით
აქ ხატია ყველაფერი.

დაიხსომებ, იოლია, –
თეთრად – კავკასიონია,

ლურჯი ფერით – შავი ზღვა და
ტბები, წყლები დაიხატა,

მწვანდ არის დაბლობები,
ყავისფერად – დიდი მთები,

ეს წრეები, ეს ლაქები –
სოფლები და ქალაქები.

გადასწია თავი უკან
და უცქერის რუკას ლუკა:

ათასფერად მოხატულა
მინდორ-ველი, მთა და მდელო.
რუკაზეც კი ლამაზია
ეს პატარა საქართველო!

 

10437547_796643193690347_4546197901457402039_nორი ყულაბა

გზად ორი ყულაბა შემოხვდა ერთმანეთს.
გაეცნენ,
გზა ერთად განაგრძონ, არჩიეს.
პირველი ხმაურით მიდის და ერთადერთ
მონეტით ცა ქუდად აღარ მიაჩნია.

მეორე დინჯად და წყნარად მიაბიჯებს,
სავსეა პირამდე
და რატომ ამჩატდეს?
მას სიამოვნებას ის უფრო ანიჭებს,
აგროვოს ჩუმად და საქვეყნოდ არ ჩანდეს.

ადვილად მიხვდებით, გვერდით თუ ჩაუვლით,
ხშირად ცხოვრებაშიც ხომ ზუსტად ასეა –
უფრო ჩუმად არის ის, რაც კი სავსეა,
რაც ცარიელია, მას უყვარს ხმაური.

 

10452366_785425658145434_7928976038784186945_nლომი

ფაფარი ისევ ისე მამშვენებს,
ჩემთან მრავალი მოდის მნახველი.
მაგრამ რა მეთქმის – არ მაქვს სამეფო,
მეფისა შემრჩა მხოლოდ სახელი.

არც ჩემი შიშით იმალებიან,
არც დახმარებას არვინ არა მთხოვს.
მდუმარედ ვზივარ. აბა, რა ვუყო?
ჩემი ღრიალით აქ ვინ დავაფრთხო?!

 

10455851_785278118160188_8390565161288293731_nთევზების საუბარი

ქორჭილა შეხვდა ქაფშიას,
ჰკითხა: – ძმობილო, არ გშია?

თვალებს ამაოდ ვაცეცებ,
ვერსად ვპოულობ ნამცეცებს!

გაგიჭირდება მიგნება,
აქ არაფერი იქნება.

შემოგვეჩვია ლოქო და
რაც წყალს საკვები მოჰქონდა,

რომ იყო ქვეყნის სამყოფი.
მას ერთ ჭამაზე არ ჰყოფნის.

მერე, ხმას რატომ არ იღებთ?
მალე წყალიც არ წაგიღებთ!

სათქმელი კი მაქვს, ძმობილო,
ყველას რომ შევატყობინო,

პირში წყალი რომ მიდგია,
ვერაფერს ვამბობ რიგიანს!

 

 

თარგმანები 

 

 

ნუ მოხვალ, როცა მკვდარი ვარ უკვე (ალფრედ ტენისონი)

ნუ მოხვალ,  როცა მკვდარი ვარ უკვე,

ყალბი ცრემლი რომ დამაღვარო საფლავზე მაღლა,

არ ტკეპნო მიწა ჩემს თავის უკან,

ბედკრული ნეშტის შეწუხება ვერ გიხსნის ახლა.

დე, ქარმა გავოს, მეჭვავიას ცრემლი დასცვივდეს;

შენ კი, გამცილდი.

თუ შენ დაუშვი ბავშვო, შეცდომა

აღარ ვიზრუნებ, უბედური,  კრული არსება:

მსურს დავისვენო, ასე ვინდომე,

დაქანცული ვარ ყველაფრისგან უკვე სავსებით.

წადი, დამტოვე, სადაც ჩემი ნეშტი გაცივდა;

გასწი, გამცილდი.

* * * (“Нам не случалось ссориться…”) ვერონიკა ტუშნოვა

ჩხუბს არასოდეს არ შევყოლივართ

მეამებინა შენთვის, ვცდილობდი.

ჩემი გულისთვის, ჯერ არ ყოფილა,

არ მოგეხუჭა თვალი დილამდე.

არა ნადავლი,

ჯილდო ახალი, –

შენთვის უბრალო ნაპოვნი ვიყავ.

ამის გამოა, რომ ვერ გახარებ,

ალბათ, ამიტომ არაფრად ვღირვარ.

მაგრამ სიცოცხლე დამრჩა ხანმოკლე,

მაგრამ მე მჯერა მტკიცედ და მწარედ:

ხომ არ გიყვარდა შენი ნაპოვნი –

დანაკარგს შეიყვარებ…

* * * (Я думала, что ты мой враг…) ბელა ახმადულინა

მე რომ ვფიქრობდი, ხარ ჩემი მტერი,
უბედურების გავიგე ფასი,
გამოდის: ცრუ ხარ, სხვა არაფერი,
შენი თამაშიც – ყალბი და ფარსი.

ერთხელ, ააგდე თოვლში მონეტა
სადღაც, მანეჟის მოედნის ახლოს,
და მონეტაზე ჩაუთქვი, ნეტავ,
მიყვარხარ თუ არ მიყვარხარ ახლა.

ფეხებს სათუთად მფუთნიდი შარფში
ალექსანდროვის ბაღში, ხის სკამზე,
ხელებს მითბობდი, ცრუობდი მაშინ,
ფიქრობდი, რომ მეც ვიცრუებ ასე.

ირგვლივ მეხვია ტყუილი, მრუდი,
როგორც ყვავ-ყორნის საზარი გუნდი.

მემშვიდობები ბოლოჯერ, აჰა.
ვერ ვხედავ თვალში რაიმე სურათს.
ო, არ მოიწყენ, იცოცხლებ, ნახავ,
მე კი, მით უფრო, რა მიშავს სულაც.

მაგრამ ყოველი ამაო გახლავს,
უაზრობაა დიდი!
შენი გზა მარჯვნივ წავიდა ახლა,
ჩემი გზა მარცხნივ მიდის.

… (“Так дымно…) ვლადიმერ ვისოცკი

დგას კვამლი, სარკეში ბინდია მრუმე,
სახეებს პირისპირ ვერ არჩევს თვალიც,
და უკვე დაღლილან წყვილები ბრუნვით, –
ბოლომდე ვიმღერებ მაინც!

ჟღერდა ეს ნოტები დიდი ხნის
წინათ,
ჩანავლდა, გამქრალდა ბოკალში
ღვინო,
საუბრის ხალისი გამქრალა
ისევ, –
ჯობია, დავცალო ბოკალი
მყისვე…

არ მოჩანს მზის სხივიც, გავიდა წელი,
ყინულმა შებოჭა სულები, მგონი, –
ვატყობ, რომ ყინულსვალას ამაოდ ველი,
და ამ სიცივეში ვერ თბება გონიც.

ჟღერდა ეს ნოტები დიდი ხნის
წინათ,
ჩანავლდა, გამქრალდა ბოკალში
ღვინო,
საუბრის ხალისი გამქრალა
ისევ, –
ჯობია, დავცალო ბოკალი
მყისვე…

ორკესტრი დაღლილი, აბნევით უკრავს,
რკალს ვეღარ გავარღვევ – არსად ჩანს კარიც…
ნუ ღელავთ! ღიმილით მივდივარ უკვე, –
ბოლომდე ვიმღერებ მაინც!

ჟღერდა ეს ნოტები დიდი ხნის
წინათ,
ჩანავლდა, გამქრალდა ბოკალში
ღვინო,
სარკე კი ციაგებს გულცივად
ისე, –
ჯობია, დავამსხვრევ ამ ბოკალს
მყისვე….

Ну, целуй меня, целуй… (Сергей Есенин)

მაკოცე ძლიერ, ძლიერ მაკოცე,
თუმც ბაგეს სისხლის კვალი ეტყობა.
ამ გულის ღელვა ნუ გაგაოცებს,
ის ცივ გონებას არ შეეწყობა.

ამაოა და არაფრად ვარგა,
ჩვენთვის არ ქმნილა მხიარულება.
ჩემო დობილო, გაიგე კარგად,
ერთი სიცოცხლე მოგვცა ბუნებამ!

შეხედე მაღლა, ასწიე თავი:
მისგან წყვდიადი, ბნელი გვაშორებს,
ფარფატებს მთვარე _ ყვითელი ყვავი
და დედამიწას თვალს არ აშორებს.

მე ასე მინდა _ მაკოცე მაგრად!
სევდიან ჰანგზე დავხუჭავ თვალებს.
ჩემი სიკვდილის დრო დადგა, ალბათ,
ამას თუ მამცნობს ლივლივით მთვარე.

თუ სიკვდილია – სიკვდილი იყოს!
ყველაფერს აჭკნობს უცნობი ძალა.
მინდა, ეგ ბაგე, დამშრალი თითქოს,
ვკოცნო, სიკვდილი მეწვევა სანამ.

რათა ბურუსში ციხფერ ზმანების,
მოურიდებლად, დაუფარავად,
შოთხვის Fფოთლები, მწუხრის ზარები,
იმეორებდნენ: “შენი ვარ მარად!”

და კათხა, ქაფით ტუჩგაპობილი,
თეთრად რომ ელავს, თუ მოგწყურდება
სვი და იმღერე, ჩემო დობილო,
ერთი სიცოცხლე მოგვცა ბუნებამ!.

დატოვე კომენტარი