როგორ მოვემზადოთ ზოგადი უნარების გამოცდის ჩასაბარებლად?


მოდით ჯერ გავერკვეთ რას მოიცავს ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილი. რის ცოდნას გვთხოვს და რაზეა დამოკიდებული ჩვენი წარმატება? ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილის ტესტი შედგება რამდენიმე დავალებისგან. განვიხილოთ ამ დავალებათაგან ერთ-ერთი:

• ანალოგიები

ორ სიტყვას შორის (რომელთაც სამომავლოდ გასაღებ სიტყვებად მოვიხსენიებთ) მიმართების ზუსტი განსაზღვრა მოგვცემს საშუალებას ვიპოვოთ სწორი პასუხი. რა უნდა ვიცოდეთ მსგავსი ტიპის დავალების შესრულებისას?

1. უნდა წავიკითხოთ გასაღები სიტყვები და კარგად დავფიქრდეთ რა მიმართებაში არიან ისინი ერთმანეთთან

2. თუ ამ სიტყვებისგან შევადგენთ წინადადებას (მარტივ წინადადებას) უფრო ნათელი გახდება მათ შორის ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა მაგ: ქაღალდი-ხე ჩავსვათ წინადადებაში:

ქაღალდი მზადდება ხისგან.

3. მივყვეთ სავარაუდო პასუხებს

ა) ვაზი-ყურძენი

ბ) ყინული-წყალი

გ) ფქვილი-ხორბალი

დ) ხილი-ჯემი

კარგად წავიკითხოთ სავარაუდო პასუხები და რისი გამორიცხვაც შეიძლება თავიდანვე გამოვრიცხოთ. ვაზი მზადდება ყურძნისგან? არა, ესე იგი ა პასუხის გამორიცხვა უკვე შეგვიძლია. ყინული მზადდება წყლისგან? დიახ, ყინული მზადდება წყლისგან, მაგრამ აქ დაგვჭირდება დამატებითი კითხვის დასმა ქაღალდი მზადდება ხისგან, მაგრამ ადამიანის ჩარევის გარეშე ხისგან მივიღებთ ქაღალდს? ვერ მივიღებთ, ხის გადამუშავების გარეშე, რასაც აუცილებლად სჭირდება ადამიანის ჩარევა ქაღალდს ვერ მივიღებთ. წყლისგან ყინული მიიღება ადამიანის ჩარევის გარეშე? დიახ, წყლისგან ყინული მიიღება ადამიანის ჩარევის გარეშე (მიიღება ჩარევითაც, თუმცა ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს გასაღები სიტყვების მიმართების აუცილებელი ანალოგი). ფქვილი მიიღება ხორბლისგან? დიახ მიიღება, და მიიღება აუცილებლად ვისიმე,  ჩარევით. სავარაუდოდ ეს პასუხია სწორი, და მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა ვნახოთ მეოთხე პასუხიც. ხილი:ჯემი, ხილი არ მიიღება ჯემისგან, ჯემი მზადდება ხილისგან, მზადდება ვისიმე ან რისიმე ჩარევის შედეგად, მაგრამ ეს პასუხი არასწორია რადგან უნდა გავითვალისწინოთ გასაღები სიტყვების თანამიმდევრობა მიმართებაში. რადგან გასაღებ სიტყვაში პირველი წერია ქაღალდი და მეორე ხე „დ“ პასუხი არასწორია. სწორი იქნებოდა თუ სიტყვებს შეცვლილი ექნებოდათ რიგითობა, ჯემი:ხილი. მაშ ასე, მსჯელობის შედეგად მივიღეთ სწორი პასუხი „გ“ ფქვილი ხორბალი.

4. მსჯელობა და გააზრება აუცილებელია, აჩქარებას შედეგი არ მოაქვს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგადი უნარების გამოცდას, რომელიც ორი (მათემატიკური და ვერბალური) ნაწილისაგან შედგება, დათმობილი აქვს 3 საათი, აქედან ვერბალურ ნაწილს ეთმობა 90 წუთი. და ტესტი შედგება 40 დავალებისაგან. თუ თქვენს დროს გავყოფთ დავალებათა რაოდენობაზე მივიღებთ იმ დროს რომელიც თქვენ გაქვთ კონკრეტული ამოცანის ამოსახსნელად. 90:40=2.25. ანუ თქვენ თითო ამოცანაზე ფიქრის დრო გაქვთ 2 წუთი, რადგან ამოხსნილი ამოცანის პასუხის გადატანას პასუხების ფურცელზე მოანდომებთ დარჩენილ 0.25 წუთს. დროში ორიენტირება მხოლოდ ბევრი ვარჯისშის შედეგად შეგიძლიათ მიაღწიოთ. შეგვეძლო დღესვე გვესაუბრა მიმართების რამდენიმე ტიპზე, რაც გაგიიოლებთ ტესტთან მუშაობას, თუმცა ამაზე მოგვიანებით ახლა კი შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი თავი ტესტის მეშვეობით (ტესტში გამოყენებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე   გამოყენებული ტესტების ანალოგიები)

ზოგადი უნარები ტესტი # 1

 

დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხშირად ბავშვები სიტყვების შინაარსის არცოდნის გამო ვერ ხსნიან მსგავსი ტიპის დავალებას. რა უნდა გავაკეთოთ სიტყვათა მარაგი რომ გავიმდიდროთ? წიგნები უნდა ვიკითხოთ! სადაც უცხო სიტყვა შეგვხვდება, უნდა განმარტება მოვიძიოთ და რვეულში გადავიწეროთ.