ელენე ქერდიყოშვილი-როგორ ვიყოთ გამორჩეულები?


 თუ კითხულობთ სტატიებს მსგავსი სათაურით, თუ თქვენი პირადი ფეისბუქის გვერდზე მოიპოვება პოსტი ან გარეკანის სურათი წარწერით “Be Different” (“იყავი განსხვავებული”), გილოცავთ! მაშინ თქვენ თინეიჯერი ხართ! უფრო ქართულად რომ ვთქვათ, გარდატეხის ასაკში მყოფი ადამიანი, რომელსაც ხშირად უხდება საკუთარ თავთან ბრძოლა, საკუთარი სურვილების წინააღმდეგ წასვლა, რათა გამოვიდეს საკუთარი თუ სხვების ჩრდილიდან და საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ იგი ინდივიდუალური, დამოუკიდებელი, თავისუფალია…

“მერე რა, რომ ლურჯი თმები არ მიხდება და სიმართლე რომ ვთქვა, არც მომწონს, სამაგიეროდ, ქუჩაში ყველა მე მიყურებს. ეს კი სასიამოვნოა.”

ჩემი აზრით, დღევანდელი მოზარდების პრობლემა ისაა, რომ თავი ყველას განსხვავებული ჰგონია – “განსხვავებული ადამიანები” უკვე იმდენად ერთნაირები არიან, რომ ვხვდები, ჩემი “ჩვეულებრივობა” უფრო არაშაბლონურია, ვიდრე მათი გამორჩეულობა.

თუმცა, შედეგებზე საუბარს ყოველთვის მიზეზების ძიება ჯობს, რომ პრობლემის გადაჭრის გზა გამოჩნდეს. მახსოვს, მეგობარი მიყვებოდა (რომელმაც ერთ-ერთ დებატზე იცრუა, რომ გეია), რომ დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი იყო, ხანდახან ის მასწავლებლებიც კი ვერ ცნობდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ასწავლიდნენ მის კლასს. ნიკოლოზმა კი პოპულარობის არასაიდუმლო ფორმულა აღმოაჩინა: “მძიმე როკი + (ნებისმიერი!) რწმენის უგულებელყოფა + ირონია, სარკაზმი, ცინიზმი + ნიჰილიზმი = განსხვავებულობას!”

ჩემის მხრივ, მეც აღმოვაჩინე ერთი ფორმულა: – ოჯახის, გარშემომყოფების ყურადღებას + მათივე სიყვარული = ბედნიერ ბავშვობას.

ბავშვებო! განსხვავებულობისკენ ჩვენივე არასრულფასოვნების კომპლექსი გვიბიძგებს – ჩვენ ისედაც ინდივიდუალურები, არაჩვეულებრივები და მშვენიერები ვართ! დავაფასოთ არაშაბლონურობა აზროვნებაში და არა – გარეგნობაში. ვიყოთ ის, ვინც ვართ და ნუ დავაკომპლექსებთ ერთმანეთს. “ყველა ადამიანში მზეა, ოღონდ აცალეთ, რომ ინათოს” (სოკრატე).

იყავი განსხვავებული.

P.S. ეს პოსტი არ ამტკიცებს იმას, რომ განსხვავებულობა ცუდია, პირიქით. ამბობენ, თუ განსხვავებული ხარ, ე.ი. ღმერთმა შენს შექმნაზე ბევრი დრო დახარჯაო. თუმცა, სასაცილოა ყალბი, არაბუნებრივი განსხვავებულობა, რომელსაც ასე ხშირად ვხვდებით ცხოვრებაში…

 

ელენე ქერდიყოშვილი-სკოლებში სამოქალაქო კლუბების ძლიერი და სუსტი მხარეები


არცთუ ისე დიდი ხნის წინ, სკოლებში სამოქალაქო კლუბები ჩამოყალიბდა.

კლუბის არსებობის ოფიციალური მიზანი მოსწავლეების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, მათთვის უფლება-მოვალეობებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობების გაცნობა, მათი რეალიზების გზების ძიებაა.

რამდენად ახერხებს კლუბი მიზნების განხორციელებას და რა შედეგი მოაქვს მას საზოგადოებისთვის?

სკოლაში სწავლის პერიოდში, ვიყავი სამოქალაქო კლუბ “დაფიონის” ლიდერი. კლუბში გაერთიანებული იყო 25-30 აქტიური მოსწავლე. ისინი რეგულარულად დადიოდნენ სხვადასხვა ტიპის ტრენინგებზე, აწყობდნენ შეხვედრებს.

თუმცა, უარყოფითი მხარე, რაც შეუძლებელია არ აღინიშნოს, არის კლუბის უუნარობა, წვდომა ჰქონდეს სკოლის ყველა მოსწავლესთან. კლუბის წევრები, ისედაც ინიციატივის მქონე ბავშვები არიან და წახალისების მიზნით არ სჭირდებათ გააქტიურება. იგივე შეიძლება ითქვას სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკებზეც, რომელში მონაწილეობის მიღებაც კლუბის აქტიურ წევრებს (უმეტეს შემთხვევაში ლიდერებს) შეეძლოთ. ეს რა თქმა უნდა, ბავშვების მხრიდან კლუბისადმი ნდობის ხარისხს ასუსტებდა…

ამავე დროს, არ შეიძლება კლუბის მუშაობა ცალსახად უარყოფით ჭრილში განიხილოს. სამოქალაქო კლუბი მართლაც მნიშვნელოვანი ბერკეტია გარემოს უკეთესობისაკენ შესაცვლელად. მაგალითად, პედაგოგთა გადამზადების პროგრამა – PH International-ი, რომელიც ინტენსიურად ახორციელებდა მცირე საგრანტო კონკურსებს. კლუბის წევრებს შეეძლოთ პროექტის სახით ჩამოეყალიბებინათ საკუთარი იდეა და დაფიინანსების შემთხვევაში განეხორციელებინათ იგი. ამ პროექტის წყალობით,  ჩემმა კლუბმა ორჯერ მოიპოვა დაფინანსება, შედეგად სკოლაში გაკეთდა და კეთილმოეწყო სააქტო დარბაზი და მოიპოვა საჭირო ტექნიკა.

ასე რომ, სამოქალაქო კლუბი დიდი რესურსია სკოლისა და ბავშვებისთვის, მთავარია მისი სწორად მართვა-გამოყენება.